კ. მარქსი

შესავალი ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის


დაწერილი: კ. მარქსის მიერ არა უადრეს 1843 წლის ოქტომბერ-დეკემბრის შუა რიცხვებისა.
გამოქვეყნებული: პირველად დაიბეჭდა ჟურნალ “Deutsch-Französische Jahrbücher”-ში, 1844 წელს.
თარგმანი: გერმანულიდან
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი I, 1989 წ. [იბეჭდება ბროშურის მიხედვით; “კ. მარქსი. ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის. შესავალი. თბ. 1971.].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი


გერმანიისათვის რელიგიის კრიტიკა არსებითად დამთავრებულია, ხოლო რელიგიის კრიტიკა ყოველი სხვა კრიტიკის წანამძღვარია.

ცთომილების ამქვეყნიური არსებობა სახელგატეხილია, რამეთუ უარყოფილია მისი ზეციური oratio pro aris et focis[1] უკუგდებულია. ადამიანი, რომელიც ზეცის ფანტასტიკურ სინამდვილეში რაღაც ზეციურ არსებას ეძებდა, და მხოლოდ თავისი თავის ანარეკლი იპოვა, აღარ ისურვებს მხოლოდ თავისი თავის მოჩვენებითი სახე, მხოლოდ არაძეხორციელი [non-man, unmensch] იპოვოს იქ, სადაც ის თავის ჭეშმარიტ სინამდვილეს ეძებს და უნდა ეძებდეს კიდეც.

არარელიგიური კრიტიკის საფუძველი ასეთია: ადამიანი ქმნის რელიგიას, მაგრამ რელიგია არ ქმნის ადამიანს. სახელდობრ: რელიგია არის თვითცნობიერება და თვითგრძნობადობა ადამიანისა, რომელსაც თავისი თავი ან ჯერ კიდევ არ მოუპოვებია, ანდა იგი კვლავ დაუკარგავს. მაგრამ ადამიანი აბსტრაქტული, სადღაც სამყაროს მიღმა თავშეფარებული არსება როდია. ადამიანი — ეს არის სამყარო ადამიანისა, სახელმწიფო, საზოგადოება. ეს სახელმწიფო, ეს საზოგადოება ქმნიან რელიგიას, უკუღმართ მსოფლმხედველობას, რადგანაც თავად ისინი უკუღმართ სამყაროს წარმოადგენენ. რელიგია არის ზოგადი თეორია ამ სამყაროსი, მისი ენციკლოპედიური კომპენდიუმი, პოლარული ფორმით წარმოდგენილი მისი ლოგიკა, მისი სპირიტუალისტური point d’honneur[2], მისი ენთუზიაზმი, მისი მორალური სანქცია, მისი საზეიმო დაგვირგვინება, მისი ნუგეშისა და გამართლების საყოველთაო საფუძველი. ის ადამიანის არსებას ფანტასტიკურ სინამდვილედ გარდაქმნის, რადგანაც ადამიანის არსებას ჭეშმარიტი სინამდვილე არ გააჩნია. მაშასადამე, რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა არაპირდაპირ იმ სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლის სულიერი სიტკბოება რელიგიაა.

რელიგიური უბადრუკობა ერთსა და იმავე დროს არის გამოხატულება ნამდვილი უბადრუკობისა და პროტესტი ამ ნამდვილი უბადრუკობის წინააღმდეგ. რელიგია არის ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულგულო წესწყობილებათა. რელიგია ხალხის ოპიუმია.

გაუქმება რელიგიისა, როგორც ხალხის ილუზორული ბედნიერებისა, ამ ხალხის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა. საკუთარი მდგომარეობის შესახებ არსებულ ილუზიებზე ხელის აღების მოთხოვნა — ეს არის მოთხოვნა ისეთ მდგომარეობაზე ხელის აღებისა, რომელიც ილუზიებს საჭიროებს. რელიგიის კრიტიკა, მაშასადამე, ჩანასახში კრიტიკაა ღელესა მის გლოვისა, რომლის წმიდა შარავანდედი რელიგიაა.

კრიტიკამ ბორკილებს მათი შემამკობელი ყალბი ყვავილელბი იმიტომ კი არ ჩამოჰგლიჯა, რომ კაცობრიობას ეს ბორკილები ყოველგვარ სიხარულსა და სიტკბოებას მოკლებული ბორკილების ფორმით კვლავაც ეტარებინა, არამედ იმისთვის, რომ მან ბორკილები მოიცილოს და ცოცხალი ყვავილისაკენ გაიწოდოს ხელი. რელიგიის კრიტიკა ათავისუფლებს ადამიანს ილუზიებისაგან, რათა მან იაზროვნოს, იმოქმედოს, თავისი სინამდვილე წარმართოს როგორც ილუზიებისაგან განთავისუფლებულმა, გონიერ არსებად ქცეულმა ადამიანმა; რათა იგი თვით საკუთარი თავისა და თავისი ნამდვილი მზის გარშემო ბრუნავდეს. რელიგია მხოლოდ ილუზორული მზეა, რომელიც ადამიანის გარშემო მოძრაობს მანამდე, სანამ იგი თავისი თავის გარშემო მოძრაობას დაიწყებდეს.

მაშასადამე, ისტორიის ამოცანაა, — მას შემდეგ რაც საიქაო სამყაროს ჭეშმარიტება გაქრა, — ამა ქვეყნისა ჭეშმარიტება დაამტკიცოს. ისტორიის სამსახურში მყოფი ფილოსოფიის უახლოესი ამოცანაა, — მას შემდეგ, რაც ადამიანის თვითგაუცხოების წმიდა სახე გამომჟღავნებულია, — გამოამჟღავნოს თვითგაუცხოება მის არაწმიდა სახეებში. ამით ზეცის კრიტიკა დედამიწის კრიტიკად იქცევა, რელიგიის კრიტიკა — სამართლის კრიტიკად, თეოლოგიის კრიტიკა — პოლიტიკის კრიტიკად.

გამოკვლევა, რომელიც შესავლის შემდეგ იქნება მოცემული,[3] — ერთგვარი წვლილი ამ ნაშრომისა, — თავდაპირველად ორიგინალს კი არ მიმართავს, არამედ ასლს — სახელმწიფოსა და სამართლის გერმანულ ფილოსოფიას — მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ მისი ამოსავალი წერტილი გერმანიაა.

ჩვენ რომ თვით გერმანულ status quo-ზე[4] დაყრდნობა მოგვეწადინება, — თუნდაც ერთადერთი შესაფერისი ფორმით, სახელდობრ, უარყოფითი ფორმით, — შედეგი მაინც ისევ ანაქრონიზმი იქნებოდა. თვით უარყოფაც კი ჩვენი პოლიტიკური აწმყოსი თანამედროვე ხალხების ისტორიის საკუჭნაოში უკვე მტვრით დაფარული წარსულის სახით არსებობს. როდესაც დაპუდრულ ნაწნავებს უარყვყოფ, მაშინ ხომ ისევ საქმე მაქვს დაუპუდრავ ნაწნავებთან. როდესაც 1843 წლის გერმანულ წესწყობილებას უარვყოფ, მაშინ, ფრანგული წელთაღრიცხვით, 1789 წელშიც ძლივსა ვარ და არავითარ შემთხვევაში თანამედროვეობის ფოკუსში არ ვიმყოფები.

დიახ, გერმანიის ისტორია თავს იწონებს ისეთი მოძრაობით, რომელიც ისტორიაში არც ერთ ხალხს არც მასზე უწინ ჰქონია და რომელსაც არც ერთი ხალხი არ მიბაძავს მომავალში. ჩვენ ხომ თანამედროვე ხალხებთან ერთად რესტავრაციები გავიზიარეთ, მათი რევოლუციების განუზიარებლად. ჩვენ რესტავრაციები განვიცადეთ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სხვა ხალხებმა რევოლუცია გაბედეს, მეორეც იმტიომ, რომ სხვა ხალხები კონტრრევოლუციისაგან ზარალდებოდნენ; პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენს მბრძანებლებს შიში ჰქონდათ მეორე შემთხვევაში კი იმიტომ, რომ ჩვენს მბრძანებლებს შიში არ ჰქონდათ. ჩვენს მოძღვართა მეთაურობით თავისუფლების საზოგადოებაში ჩვეულებრივად მხოლოდ ერთხელ აღმოვჩნდებოდით ხოლმე — მისი დასამარების დღეს.

სკოლა, რომელიც დღევანდელ სისაძაგლეს გუშინდელი სისაძაგლთ ამართლებს, რომელიც მათრახის წინააღმდეგ ყმათა ყოველგვარ შეძახილს ამბოხებად აცხადებს, თუკი ეს მათრახი ძველთაძველი, მემკვიდრეობითი, ისტორიული მათრახია; სკოლა, რომელსაც ისტორია, როგორც ისრაელის ღმერთი თავის მსახურს მოსეს, მხოლოდ თავის a posteriori-ს უჩვენებს, — სამართლის ეს ისტორიული სკოლა ამიტომ გერმანულ ისტორიას გამოიგონებდა, თვითონ რომ გერმანული ისტორიის გამოგონება არ იყოს. ეს ნამდვილი შეილოკი[5], მაგრამ შეილოკი-ლაქია, ხალხის გულიდან ამოჭრილი ყოველი გირვანქა ხორცისათვის თავის თამასუქს, თავის ისტორიულ თამასუქს, თავის ქრისტიანულ-გერმანულ თამასუქს იფიცებს.

პირიქით, გულმოწყალე ენთუზიასტები, სისხლით და ხორცით ტევტონომანები და რეფლექსით თავისუფლად მოაზროვნენი, ჩვენი თავისუფლების ისტორიის მიღმა — ტევტონთა უძველეს ტყეებში ეძებენ. მაგრამ მაშინ რითიღა განსხვავდება ჩვენი თავისუფლების ისტორია გარეული ტახის თავისუფლების ისტორიისაგან, თუკი მისი პოვნა მხოლოდ ტყეში შეიძლება? ამასთანავე ცნობილია: ტყეს რასაც შესძახებ, მასვე გამოგძახებს. მაშ, მოდით, მოვეშვათ ტევტონთა უძველეს ტყეებს!

ომი გერმანულ წესწყობილებებს! უეჭველად ომი! ეს წესწყობილებანი ისტორიის დონეზე უფრო დაბლა დგანან, ისინი ყოველ კრიტიკაზე უფრო დაბლა იმყოფებიან, მაგრამ ისინი მაინც კრიტიკის ობიექტად რჩებიან, ისე როგორც ჰუმანურობის დონეზე დაბლა მდგომი დამნაშავე ჯალათის ობიექტად რჩება. მათთან ბრძოლაში კრიტიკა გონების ვნება როდია, იგი ვნების გონებაა. იგი არ არის ანატომიური დანა, იგი იარაღია. მისი ობიექტი მისი მტერია, რომლის უარყოფა კი არა, არამედ მოსპობა სურს, რამეთუ აღნიშნულ წესწყობილებათა აზრი უკვე უარყოფილია. თავისთავად ისინი ღირსნი არ არიან, რომ ფიქრის ობიექტი გახდნენ — ისინი არსებობენ როგორც იმდენადვე საძულველი რამ, რამდენადაც შეძულებული. კრიტიკას ამ საგნისადმი თავისი დამოკიდებულების გარკვევა აღარ სჭირდება — კრიტიკას მასთან არავითარი საქმე აღარ აქვს. ამჟამად კრიტიკა თვითმიზანს კი არ წარმოადგენს, არამედ მხოლოდ საშუალებას. მისი ძირითადი პათოსი აღშფოთებაა, ძირითადი საქმე კი მხილება გახლავთ.

საქმე ეხება ყველა საზოგადოებრივი დარგის მიერ ერთმანეთის დაჩაგვრა-შევიწროების, საყოველთაო უმოქმედო უკმაყოფილების, შეზღუდულობის ასახვას, რაც ერთნაირად გამოიხატება როგორც საკუთარი თავის თვითგანდიდებით, ისე თვითდამცირებითაც, — ყოველივე იმით, რაც მოქცეულია ისეთი მთავრობის სისტემის ჩარჩოებში, რომელიც იმით ცოცხლობს, რომ იცავს ყოველგვარ სისაძაგლეს, და თვითონაც სხვა არაფერია, თუ არა მთავრობაში განსახიერებული სისაძაგლე.

რა სანახაობაა! საზოგადოება დაუსრულებლად იყოფა უაღრესად მრავალნაირ კასტებად, რომელბიც ერთმანეთს უპირისპირდებიან თავიანთი წვრილმანი ანტიპათიებით, შებღალული სინდის-ნამუსით და ტლანქი უფერულობით, და სწორედ მათი ეს ორაზროვანი და უნდობელი ურთიერთდამოკიდებულება საშუალებას უქმნის მათს მბრძანებლებს მოეპყრან მათ, განურჩევლად ყველას, — თუმცა სხვადასხვა ფორმალობის დაცვით, — ისე როგორც მხოლოდ უფროსების წყალობით მცხოვრებ არსებებს. და თვით ის ფაქტიც, რომ მათ მბრძანებლობენ, მათ მართავენ, მათი მფლობელნი არიან, მათ უნდა შეაფასონ და აღიარონ როგორც ზეცის წყალობა! მეორე მხარეს კი თვით ის მბრძანებელნი იმყოფებიან, რომელთა სიდიადე უკუშეფარდებითია მათი რაოდენობისა!

კრიტიკა, რომელმაც ამ საგნის შესწავლას მიჰყო ხელი, ხელჩართული ბრძოლის კრიტიკაა, ხოლო ხელჩართულ ბრძოლაში მნიშვნელობა არა აქვს, მოწინააღმდეგე კეთილშობილია, წარმოშობით ტოლია, საინტერესოა თუ არა, — დიდი მნიშნელობა აქვს იმას, რომ მას დარტყმა მიაყენო. გერმანელებს ერთი წუთითაც არ უნდა მივცეთ თვითმოტყუებისა და მორჩილების საშუალება. არსებული უღელი უფრო მეტად უნდა დავამძიმოთ და მას ამ სიმძიმის შეგნება უნდა შევმატოთ; ხოლო თავის მოჭრა უფრო მეტად თავმომჭრელი გავხადოთ მისი სააშკარაოზე გამოტანით. გერმანული საზოგადოების ყოველი სფერო უნდა წარმოვსახოთ როგორც partie honteuse[6] გერმანული საზოგადოებისა, ამ გაქვავებულ წესებს როკვა უნდა დავაწყებინოთ ისე, რომ მათ მათივე საკუთარი მელოდიები მივუმღეროთ! ხალხი უნდა ვაიძულოთ, რომ საკუთარმა თავმა შეაცბუნოს, რათა მას გამბედაობა შთავბეროთ. ამით განხორციელდება გერმანელი ხალხის დაუძლეველი მოთხოვნილება, ხოლო ხალხთა მოთხოვნილებანი თვით არიან მათი დაკმაყოფილების გადამწყვეტი მიზეზები.

და თვით თანამედროვე ხალხებისთვისაც ეს ბრძოლა გერმანული status quo-ს შეზღუდული შინაარსის წინააღმდეგ არ შეიძლება უინტერესო იყოს, რადგან გერმანული status quo აშკარა დასრულებაა ancien régime-ისა[7], ხოლო ancien régime თანამედროვე სახელმწიფოს ფარული მანკია. გერმანული პოლიტიკის აწმყოს წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე ხალხების წარსულის წინააღმდეგ ბრძლაა, ხოლო ამ წარსულის გამოძახილი ამ ხალხებს ჯერ კიდევ ტვირთად აწევთ. მათთვის ჭკუის სასწავლია იმის დანახვა, თუ ancien régime, რომელმაც მათთან საკუთარი ტრაგედია განიცადა, როგორ გაითამაშებს თავის კომედიას გერმანულ საიქიოს მოციქულის სახით. ტრაგიკული იყო ისტორია ძველი წესწყობილებისა, სანამ იგი უხსოვარი დროიდან არსებულ მსოფლიოს ძალაუფლებას წარმოადგენდა, თავისუფლება კი, პირიქით, იყო ის იდეა, რომელიც ცალკეულ პირებს ეუფლებოდა, — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდრე ძველ წესწყობილებას თვითონ სწამდა და უნდა ერწმუნა კიდეც საკუთარი უფლებამოსილებისა. სანამ, ancien régime, როგორც სამყაროს არსებული წესრიგი, ჯერ კიდევ მხოლოდ ახლად აღმოცენებულ სამყაროს ებრძოდა, ამ ancien régime-ს ემხრობოდა არა პირადი, არამედ მსოფლიო-ისტორიული ცდომილება. სწორედ ამიტომ მისი დაღუპვა ტრაგიკული იყო.

პირიქით, ახლანდელ გერმანულ რეჟიმს, — ამ ანაქრონიზმს, ამ შეუწყნარებელ დაპირისპირებას საყოველთაოდ აღიარებული აქსიომების მიმართ, ამ მთელი ქვეყნის სააშკარაოზე გამოტანილ არარაობას ancien régime-ისა, ჯერ კიდევ მხოლოდ ეჩვენება, რომ საკუთარი თავის სჯერა, და მსოფლიოსგანაც მოითხოვს, შენც იგივე უნდა მოგეჩვენოსო. მას რომ თავისი საკთარი არსებისა სჯეროდეს, განა ის მას უცხო არსების მოჩვენებითობაში დამალავდა და თავის ხსნას ფარისევლობასა და სოფიზმებში ეძიებდა? თანამედროვე ancien régime მხოლოდ და მხოლოდ კომედიანტია ასეთი მსოფლიო წესრიგისა, რომლის ნამდვილი გმირები უკვე დაიხოცენ. ისტორია საფუძვლიანად მოქმედებს და მრავალ ფაზას გაივლის, როდესაც ცხოვრების მოძველებული ფორმა სამარეში მიაქვს. მსოფლიო-ისტორიული ფორმის უკანასკნელი ფაზა მისი კომედიაა. საბერძნეთის ღმერთები, რომლებიც ერთხელ უკვე ტრაგიკულად სასიკვდილოდ დაიჭრნენ ესქილეს “მიჯაჭვულ პრომეთესში”, კიდევ ერთხელ კომიკურად უნდა დახოცილიყვნენ ლუკიანის “საუბრებში”. რად არის ისტორიის მსვლელობა ასეთი? იმისათვის, რომ კაცობრიობა თავის წარსულს მხიარულად გამოეთხოვოს. სწორედ ასეთი მხიარული ისტორიული დასასრულის მიღწევას ვლამობთ ჩვენ გერმანიის პოლიტკურ ხელისუფალთათვის.

მაგრამ როგორც კი თვით თანამედროვე პოლიტიკურ-სოციალური სინამდვილე თავად კრიტიკის საგნად იქცევა, როგორც კი, მაშასადამე, კრიტიკა ჭეშმარიტ ადამიანურ პრობლემებამდე ამაღლდება, — მაშინვე იგი გერმანულ status quo-ს ფარგლებს მიღმა აღმოჩნდება ხოლმე; ეს რომ არა, მაშინ იგი თავის საგანს იმ დონეზე განიხილავდა, რომელიც ამ საგნის ნამდვილ დონეზე დაბლა იმყოფება. მოვიყვანოთ ერთი მაგალითი! მრეწველობის, საერთოდ სიმდიდრის სამყაროს, დამოკიდებულება პოლიტიკური სამყაროსადმი ახალი დროის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. როგორი ფორმით იწყებს ეს პრობლემა გერმანელთა დაინტერესებას? მფარველობითი ბაჟების, აკრძალვითი სისტემის, ეროვნული ეკონომიის ფორმით. ტევტონომანიამ ადამიანიდან მატერიაში გადაინაცვლა და, ამგვარად, ერთ მშვენიერ დილას ჩვენმა ბამბის რაინდებმა და რკინეულის გმირებმა პატრიოტებად გამოიღვიძეს. ამრიგად, გერმანიაში ქვეყნის შიგნით მონოპოლიის სუვერენიტეტის აღიარებას იმით იწყებენ, რომ მონოპოლიას სუვერენიტეტს გარედან ანიჭებენ. მაშასადამე, გერმანიაში ახლა იმით აპირებენ დაწყებას, რასაც საფრანგეთსა და ინგლისში უკვე უღებენ ბოლოს. ძველ დამყაყებულ წესებს, რომელთა წინააღმდეგაც ეს ქვეყნები თეორიულად ამხედრებულან და რომელთაც ჯერ კიდევ ითმენენ, ისე როგორც ბორკილებს ითმენენ ხოლმე, გერმანიაში მიესალმებიან როგორც იმ ბედნიერი მომავლის ამომავალ განთიადს, რომელიც ახლა ძლივს ბედავს, რომ მზაკვრული თეორიიდან[8] ყველაზე ურცხვ პრაქტიკაზე გადავიდეს. თუ საფრანგეთსა და ინგლისში პრობლემა აცხადებს: პოლიტიკური ეკონომია, ანუ საზოგადოების ბატონობა სიმდიდრეზე, გერმანიაში იგი გვაუწყებს: ეროვნული ეკონომია, ანუ კერძო საკუთრების ბატონობა ერზე. ამრიგად, საფრანგეთსა და ინგლისში საქმე ეხება იმას, რომ მოისპოს მონოპოლია, რომელიც თავის უკიდურეს მწვერვალამდე განვითარდა; გერმანიაში კი საქმე ეხება იმას, რომ განვითარდეს მონოპოლია მის უკიდურეს მწვერვალამდე. იქ საქმე ეხება საკითხის გადაჭრას, აქ კი მხოლოდ კოლიზიაზეა ლაპარაკი. ეს საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითია თანამედროვე პრობლემათა გერმანული ფორმისა, მაგალითად იმისა, რომ ჩვენს ისტორიას აქამდე ამოცანად მხოლოდ გაცვეთილი ამბების გამეორება ესახებოდა, მსგავსად იმ მოუხეშავი რეკრუტისა, რომელიც ძველ ვარჯიშებს იმეორებს ხოლმე.

ამგვარად, საერთო გერმანული განვითარება პოლიტიკური გერმანული განვითარების ფარგლებს რომ არ სცდილდებოდეს, გერმანელი შესძლებდა აწმყოს პრობლემებში მონაწილეობის მიღებას, უკეთეს შემთხვევაში ისე მაინც, როგორც მასში მონაწილეობის მიღება რუსს შეუძლია. თუ ცალკეული პიროვნება ერის ზღუდეებით არ არის შებოჭილი, მაშინ მთელი ერი ვერ განთავისუფლდება იმით, რომ თავისუფალი გახდა ცალკეული პიროვნება. საბერძნეთის ფილოსოფოსთა შორის ერთი სკვითი იყო[9], მაგრამ ამან ერთი ნაბიჯითაც ვერ მიუახლოვა სკვითები ბერძნულ კულტურას.

საბედნიეროდ, ჩვენ, გერმანელები, სკვითები არა ვართ.

როგორც ძველმა ხალხებმა თავიანთი წინაისტორია წარმოსახვაში, მითოლოგიაში განიცადეს, ისევე ჩვენ, გერმანელებმა, ჩვენს მომავალ ისტორიას აზრებში, ფილოსოფიაში განვიცდით. ჩვენ ჩვენი საუკუნის ფილოსოფიური თანამედროვენი ვართ, რადგან არა ვართ მისი ისტორიული თანამედროვენი. გერმანული ფილოსოფია გერმანიის ისიტორიის იდეალური გაგრძელებაა. მაშასადამე, როდესაც ჩვენ ჩვენი რეალური ისტორიის oeuvres incompletes[10] ნაცვლად ჩვენი იდეალური ისტორიის oeuvres posthumes[11] ფილოსოფიას ვაკრიტიკებთ, მაშინ ჩვენი კრიტიკა უშუალოდ იმ საკითხთა შორის იმყოფება, რომელთა შესახებ აწმყო ამბობს: that is the question![12], რაც წინწასულ ხალხებში თანამედროვე სახელმწიფო წესწყობილებასთან უკვე პრაქტიკულ განხეთქილებას წარმოადგენს, ის გერმანიაში, სადაც ეს წესწყობილება ჯერ არც კი არსებობს, უპირველეს ყოვლისა, არის ამ წესწყობილების ფილოსოფიურ ასახვასთან კრიტიკული განხეთქილება.

სამართლისა და სახელმწიფოს გერმანული ფილოსოფია ერთადერთი გერმანული ისტორიაა, რომელიც ახლანდელ ოფიციალური სინამდვილის al pari[13] იმყოფება. ამიტომ გერმანელმა ხალხმა ეს თავისი წარმოსახვითი ისტორია თავისთან არსებულ წესწყობილებას უნდა შეუერთოს და არა მარტო ეს არსებული წესწყობილება, არამედ ამასთან ერთად მისი აბსტრაქტული გაგრძელებაც უნდა გააკრიტიკოს. მისი მომავალი ვერ შეიზღუდება ვერც მისი რეალური სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი წესების უშუალო უარყოფით და ვერც მისი იდეალურად არსებული სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი წესების უშუალო განხორციელებით, რადგან თავისი რეალური წესების უშუალო უარყოფა გერმანელ ხალხს თავის იდეალურ წესებში აქვს მოცემული, ხოლო თავისი იდეალური წესების უშუალო განხორციელება მან თითქმის უკვე განიცადა, როდესაც მეზობელი ხალხების ცხოვრებას აკვირდებოდა. ამიტომ პრაქტიკული პოლიტიკური პარტია გერმანიაში სამართლიანად მოითხოვს ფილოსოფიის უარყოფას. მისი შეცდომა ეს მოთხოვნა როდია, არამედ ის, რომ შეჩერდა ამ მოთხოვნაზე, რასაც ის სერიოზულად არც ასრულებს და არც მისი შესრულება ძალუძს. მას ჰგონია, რომ ფილოსოფიის უარყოფას თითქოს იმით ახორციელებს, რომ ფილოსოფიას ზურგს აქცევს და თავმიბრუნებული მასზე რამდენიმე სუსხიან და გაცვეთილ ფრაზას წაიბუტბუტებს. ამ პარტიის თვალთახედვის შეზღუდულობა იმით მჟღავნდება, რომ ფილოსოფიას იგი არ მიაკუთვნებს გერმანულ სინამდვილეს ან წარმოდგენილი აქვს, რომ ფილოსოფია გერმანული სინამდვილის არეს არ მიაკუთვნებს ანდა ჰგონია, რომ ფილოსოფია გერმანულ პრაქტიკასა და მის მსახურ თეორიებზეც კი დაბლა დგას. თქვენ მოითხოვთ, რომ ცხოვრების ნამდვილი ჩანასახს ვეყრდნობოდეთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ გერმანელი ხალხის ცხოვრების ნამდვილი ჩანასახი აქამდე მხოლოდ მის თავის ქალაში აღმოცენდებოდა ხოლმე. ერთი სიტყვით: თქვენ ვერ გააუქმებთ ფილოსოფიას ისე, თუ მას არ განახორციელებთ.

იგივე შეცდომა, ოღონდ საწინააღმდეგო მიმართულებით, მოსდიოდა თეორიულ-პოლიტიკურ პარტიასაც, რომელიც ფილოსოფიისაგან წარმოიშვა.

იგი ახლანდელ ბრძოლას მიიჩნევდა მხოლოდ ფილოსოფიის კრიტიკულ ბრძოლად გერმანულ სამყაროსთან, და როდი უფიქრია, რომ არსებული ფილოსოფია თავად ეკუთვნის ამ სამყაროს და მისი შევსებაა, თუმცა კი იდეალური შევსება თავისი მოწინააღმდეგის მიმართ კრიტიკულად განწყობილი, იგი საკუთარ თავს არაკრიტიკულად ეპყრობოდა, რადგან ფილოსოფიის წანამძღვრებიდან გამოდიოდა და ან მათგან გამომდინარე შედეგებით კმაყოფილდებოდა, ანდა სხვა გზით მიღებულ მოთხოვნებსა და შედეგებს ფილოსოფიის უშუალო მოთხოვნილებად და შედეგებად ასაღებდა, თუმცა ეს უკანასკნელნი, — თუ ვივარაუდებთ, რომ ისინი მართებულნი არიან, — პირიქით, შეიძლება მიღებულ იქნან მხოლოდ აქამდე არსებული ფილოსოფიის, ფილოსოფიის როგორც ფილოსოფიის, უარყოფით. ამ პარტიის უფრო ვრცლად აღწერის უფლებას ჩვენ შემდეგისათვის ვიტოვებთ. მისი ძირითადი ნაკლი შეიძლება შემდეგი იყოს: მას ეგონა, რომ შეიძლებოდა ფილოსოფიის გარდაქმნა სინამდვილედ თვით ამ ფილოსოფიის გაუუქმებლად.

სახელმწიფოსა და სამართლის გერმანული ფილოსოფიის კრიტიკა, რომელმაც ჰეგელის ნაშრომებში თავისი ყველაზე უფრო თანმიმდევრული, უმდიდრესი და დასრულებული ფორმულირება მიიღო, ერთსა და იმავე დროს არის როგორც თანამედროვე სახელმწიფოს და მასთან დაკავშირებული სინამდვილის კრიტიკული ანალიზი, ისე გერმანული პოლიტიკური და სამართლებრივი ცნობიერების მთელი აქამდე არსებული ფორმის უაღრესად მტკიცე უარყოფა, ცნობიერებისა, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი, უნივერსალური და მეცნიერებამდე ამაღლებული გამოხატულება სწორედ თავად სამართლის სპეკულაციური ფილოსოფიაა. თუ მხოლოდ გერმანიაში იყო შესაძლებელი სამართლის სპეკულაციური ფილოსოფია, ეს აბსტრაქტული, ცხოვრებას მოწყვეტილი აზროვნება თანამედროვე სახელმწიფოს შესახებ, რომლის სინამდვილე მარტო საიქაო სამყაროა, — თუნდაც ეს საიქაო სამყარო მხოლოდ რაინს გაღმა მდებარეობდეს, — ასევე, პირიქით, თანამედროვე სახელმწიფოს გერმანული, ნამდვილი ადამიანისაგან გააბსტრაჰირებული წარმოსახვითი სახე მხოლოდ იმდენად იყო შესაძლებელი, რამდენადაც თვითონ თანამედროვე სახელმწიფო ნამდვილი ადამიანისაგან აბსტრაჰირებას ახდენს, ანდა მთელ ადამიანს მხოლოდ მოჩვენებითად აკმაყოფილებს. გერმანელებმა პოლიტიკაში გაიაზრეს ის, რაც სხვა ხალხებმა გააკეთეს. გერმანია მათი თეორიული სინდისი იყო. მისი აზროვნების აბსტრაქტულობა და ქედმაღლობა მუდამ პარალელურად გასდევდა მისი სინამდვილის ცალმხრივობასა და დამდაბლებას. თუ, მაშასადამე, გერმანიის სახელმწიფოებრიობის status quo გამოხატავს ancien régime-ის — თანამედროვე სახელმწიფოს ორგანიზმის ამ ხორცმეტის — დასასრულს, მაშინ სახელმწიფოს შესახებ გერმანული მოძღვრების status quo თანამედროვე სახელმწიფოს არასრულყოფილებას, თვით მის სხეულში არსებულ მანკს ავლენს.

როგორც გერმანული პოლიტიკური ცნობიერების წინანდელი ფორმის მედგარი მოწინააღმდეგე, სამართლის სპეკულაციური ფილოსოფიის კრიტიკა საკუთარი თავით კი არ არის გართული, არამედ ისეთი ამოცანებით, რომელთა გადასაჭრელად არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება — პრაქტიკა.

იბადება კითხვა: განა შეუძლია გერმანიას მიაღწიოს პრაქტიკას a la hauteur des principes[14], ესე იგი — რევოლუციას, რომელსაც ძალუძს აამაღლოს გერმანია არა მარტო თანამედროვე ხალხების ოფიციალურ დონემდე, არამედ ადამიანურ მწვერვალებამდეც, რაც ამ ხალხების უახლოესი მომავალი იქნებოდა?

კრიტიკის იარაღს, რასაკვირველია, არ შეუძლია იარაღით კრიტიკა შეცვალოს, მატერიალური ძალა ისევ მატერიალური ძალითვე უნდა დაემხოს; მაგრამ თეორიაც მატერიალურ ძალად იქცევა, როგორც კი ის მასებს დაეუფლება. თეორიას შესწევს უნარი მასებს დაეუფლოს, როდესაც იგი ასაბუთებს ad hominem[15], ხოლო ის ad hominem ასაბუთებს მაშინ, როდესაც რადიკალური ხდება. რადიკალური იყო — ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეს ძირში ჩასწვდე. მაგრამ ადამიანისათვის ძირი თვითონ ადამიანია. გერმანული თეორიის რადიკალური ხასიათის, მაშასადამე — მისი პრაქტიკული ენერგიის აშკარა დამამტკიცებელი საბუთია ის, რომ მისი ამოსავალი პუნქტი იყო რელიგიის მტკიცედ, პოზიტიურად გაუქმება. რელიგიის კრიტიკა მთავრდება მოღვრებით, რომ ადამიანი უმაღლესი არსებაა ადამიანისათვის, მაშასადამე, მთავრდება კატეგორიული იმპერატივით, რომელიც გვიბრძანებს დავამხოთ ყველა ის ურთიერთობა, რომლებშიც ადამიანი დამცირებული, დამონებული, უმწეო, საძულველი არსებაა, — ისეთი ურთიერთობა, რომელსაც იმაზე უკეთ ვერ დაახასიათებ, ვიდრე ეს გააკეთა ერთმა ფრანგმა მაშინ, როდესაც ძაღლის გადასახადის დაწესებას აპირებდნენ. მან წამოიძახა: “საბრალო ძაღლებო! სურთ, რომ თქვენც ისე მოგეპყრან, როგორც ადამიანებს ეპყრობიან!”.

ისტორიის თვალსაზრისითაც თეორიულ ემანსიპაციას გერმანიისათვის სპეციფიკურად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. გერმანიის რევოლუციური წარსული ხომ თეორიულია, ეს რეფორმაციაა. როგორც მაშინ რევოლუცია ბერის გონებაში დაიწყო, ახლაც იგი ფილოსოფოსის გონებაში იწყება.

ლუთერმა, მართალია ღვთისმოშიშობით მონობა მხოლოდ იმით დაამარცხა, რომ მის ადგილზე მრწამსით მონობა დააყენა. მან ავტორიტეტის რწმენა დაამსხვრია და რწმენის ავტორიტეტი აღადგინა. მან ხუცესები ერისკაცებად აქცია და ერისკაცები — ხუცესებად. მან ადამიანი გარეგანი რელიგიურობისაგან გაათავისუფლა, რელიგიურობა კი ადამიანის შინაგან სამყაროდ აქცია. მან მოახდინა სხეულის ემანსიპაცია ბორკილებისაგან, ადამიანის გულს კი ბორკილები დაადო.

მაგრამ თუ პროტესტანტიზმმა ამოცანა სწორედ ვერ გადაჭრა, მან მართებულად მაინც დასახა იგი. ახლა უკვე საქმე აღარ ეხებოდა ერისკაცის ბრძოლას მის გარეშე მყოფ ხუცესთან, არამედ საქმე ეხებოდა თავის საკუთარ შინაგან ხუცესთან, თავის ხუცურ ბუნებასთან ბრძოლას. და თუ გერმანელი ერისკაცის პროტესტანტულმა გარდაქმნამ ხუცებად საერო პაპების, თავადებისა და, მათთან ერთად, მთელი მათი ხროვის — პრივილეგირებულთა და ფილისტერების ემანსიპაცია მოახდინა, პირიქით, ხუცური სულისკვეთებით გამსჭვალული გერმანელის ფილოსოფიური გარდაქმნა ადამიანად ხალხის ემანსიპაცია იქნება. მაგრამ როგორც ემანსიპაცია მხოლოდ თავადებით არ უნდა დასრულდეს, ისე ქონების სეკულარიზაციაც არ შეწყდება ეკლესიის ქონების დატაცებით, რაც სხვებზე ადრე თვალთმაქცმა პრუსიამ განახორციელა. მაშინ გლეხთა ომი, ეს ყველაზე რადიკალური მოვლენა გერმანიის ისტორიისა, თეოლოგიაზე დაიმსხვრა. დღეს, როდესაც თვით თეოლოგია დამსხვრეულია, გერმანიის ისტორიისათვის ყველაზე მკვეთრი გამოვლინება არათავისუფლებისა — ჩვენი status quo — ფილოსოფიაზე დაიმსხვრევა. რეფორმაციის წინა დღეს ოფიციალური გერმანია რომის ყველაზე უფრო ყურმოჭრილი მონა იყო. თავისი რევოლუციის წინა დღეს იგი იმისი ყურმოჭრილი მონაა, რაც რომზე ნაკლებია, მონაა პრუსიისა და ავსტრიისა, დახავსებული იუნკერებისა და ფილისტერებისა.

მაგრამ რადიკალურ გერმანულ რევოლუციას ამავე დროს, როგორც ჩანს, ერთი უდიდესი სიძნელე ეღობება წინ.

საქმე ის არის, რომ რევოლუციები პასიურ ელემენტს, მატერიალურ საფუძველს საჭიროებენ. თეორია ყოველ ხალხში ყოველთვის მხოლოდ იმდენად ხორციელდება, რამდენადაც იგი მის მოთხოვნილებათა განხორციელებას წარმოადგენს. მაგრამ გერმანული აზრის მოთხოვნებსა და მათზე გერმანული სინამდვილის მიერ გაცემულ პასუხებს შორის არსებული საშინელი განხეთქილების შესატყვისი თუ იქნება სამოქალაქო საზოგადოების ასეთივე განხეთქილება სახელმწიფოსთან და თავის თავთან? იქცევიან თუ არა თეორიული მოთხოვნილებანი უშუალოდ პრაქტიკულ მოთხოვნილებად? საკმარისი როდია, რომ აზრი სინამდვილედ განხორციელებას ესწრაფოდეს, სინამდვილე თავად უნდა ისწრაფოდეს აზრისაკენ.

მაგრამ გერმანია პოლიტიკური ემანსიპაციის საშუალო საფეხურებზე თანამედროვე ხალხებთან ერთდროულად არ ასულა. მან ჯერაც პრაქტიკულად ვერ მიაღწია თვით იმ საფეხურებსაც, რომლებიც თეორიულად დასძლია. როგორღა უნდა გადაახტეს ერთი სალტომორტალეთი არა მარტო თავის საკუთარ ზღუდეებს, არამედ იმავე დროს იმ ზღუდეებს, რომლებიც სინამდვილეში უნდა აღიქვას როგორც თავისი ნამდვილი ზღუდეებისაგან განთავისუფლება და რომლებიც მისი მისწრაფების მიზანი უნდა იყოს? რადიკალური რევოლუცია შეიძლება იყოს მხოლოდ რევოლუცია რადიკალურ მოთხოვნილებათა, რომელთა ჩასახვისათვის, თითქოსდა, სწორედ არც წანამძღვრები და არც საჭირო ნიადაგი არსებობს.

მაგრამ თუ გერმანია აზროვნების მხოლოდ აბსტრაქტული მოქმედებით მიჰყვებოდა თანამედროვე ხალხების განვითარებას, ისე რომ ამ განვითარების ნამდვილ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია, სამაგიეროდ მან, მეორე მხრივ, ამ განვითარების ტანჯვა-ვაებანი ისე გაიზიარა, რომ მისი სიტკბოებანი, მისი ნაწილობრივი დაკმაყოფილება მას არ გაუზიარებია. ერთ მხარეს აბსტრაქტულ მოქმედებას სხვა მხარეს აბსტრაქტული ტანჯვა შეესაბამება. ამიტომ გერმანია ერთ მშვენიერ დილას ევროპის დაშლის დონეზე აღმოჩნდება ისე, რომ ევროპული ემანსიპაციის დონეს არც ერთხელ არ მიაღწევს. ის შეიძლება შევადაროთ კერპთაყვანისმცემელს, რომელიც ქრისტიანობის სენით ჩამოხმება ხოლმე.

თუ ახლა გერმანიის მთავრობებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ახლანდელი ურთიერთობის, გერმანიის მდგომარეობის, გერმანული განათლების ხასიათისა და, ბოლოს, საკუთარი მართებული ინსტქინქტის გამო ისინი იძულებული არიან ცივილიზებული ნაკლოვანებანი თანამედროვე სახელმწიფოებრივი სამყაროსი, რომლის უპირატესობებითაც ჩვენ არ ვსარგებლობთ, შეუხამონ ბარბაროსულ ნაკლოვანებებს ancien régime-ისა, რომლითაც ჩვენ სავსებით ვტკბებით. ასე რომ, გერმანიამ სულ უფრო მეტად უნდა მიიღოს მონაწილეობა თავის status quo-ზე მაღლა მდგომ სახელმწიფო სისტემების გონივრულ მხარეებში თუ არა, უგუნურ მხარეებში მაინც. განა არის, მაგალითად, მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელიც კონსტიტუციური სახელმწიფო წყობილების ყველა ილუზიას ასე გულუბრყვილოდ იზიარებდეს, მის რეალურ მიღწევათა გაუზიარებლად, როგორც ამას ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური გერმანია აკეთებს? ანდა განა ვინმეს, გერმანიის მთავრობის გარდა, აზრად მოუვა, რომ ცენზურისმიერი ტანჯვა-წამებანი შეუერთოს საფრანგეთის სექტემბრის იმ კანონების[16] ტანჯვა-წამებას, რომლებიც პრესის თავისუფლებას გულისხმობენ! როგორც რომის პანთეონში ყველა ერის ღმერთების ნახვა შეიძლებოდა, ასევე გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერიაში ყველა სახელმწიფო ფორმის ცოდვების ნახვა შეიძლება. ეს ეკლექტიზმი რომ აქამდე გაუგონარ ზომებს მიაღწევს, ამის თავდებია სახელდობრ პოლიტიკურ-ესთეტიკური გაუმაძღრობა ვინმე გერმანელი მეფისა[17], რომელსაც მეფის ხელისუფლების ყველა როლის, როგორც ფეოდალური, ისე ბიუროკრატიული, როგორც აბოსლუტური, ისე კონსტიტუციური, როგორც ავტოკრატიული, ისე დემოკრატიული როლის გათამაშება სურს, თუ ხალხის სახით არა, მაშინ თავისი საკუთარი სახით მაინც, თუ ხალხისთვის არა, თავისი თავისთვის მაინც. გერმანია, პოლიტიკური თანამედროვეობის ეს უბადრუკობა, რომელიც თავის საკუთარ თავისებურ სამყაროდ ჩამოყალიბდა, სპეციფიკურ გერმანულ ზღუდეებს ვერ დაამხობს უიმისოდ, თუ პოლიტიკური აწმყოს საერთო ზღუდეები არ დაამხო.

გერმანიისათვის უტოპიური ოცნება არც რადიკალური რევოლუცია და არც ზოგადსაკაცობრიო ემანსიპაციაა, არამედ, უფრო მეტად, ნაწილობრივი, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რევოლუციაა, — რევოლუცია, რომელიც შენობის ბურჯებს ხელუხლებლად ტოვებს. რას ემყარება ნაწილობრივი, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რევოლუცია? იმას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი თავისი თავის ემანსიპაციას ახდენს და საყოველთაო ბატონობას აღწევს, იმას, რომ განსაზღვრული კლასი, თავისი განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთელი საზოგადოების ემანსიპაციას წამოიწყებს. ეს კლასი ათავისუფლებს მთელ საზოგადოებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიგულისხმებთ, რომ მთელ საზოგადოებას ამ კლასის მდგომარეობა აქვს, ესე იგი, მაგალითად, ფულსა და განათლებას ფლობს ან სურვილისამებრ შეუძლია მათი შეძენა.

სამოქალაქო საზოგადოების არც ერთ კლასს არ ძალუძს ამ როლის შესრულება ისე, თუ საკუთარ თავსა და მასებს მეყსეულად არ აღუძრავს ენთუზიაზმს. ეს ის მომენტია, როდესაც ეს კლასი უძმობილდება და ერწყმის მთელ საზოგადოებას, როდესაც მას საზოგადოებისაგან არ განასხვავებენ, აღიქვამენ და აღიარებენ მის საყოველთაო წარმომადგენლად; ის მომენტია, როდესაც ამ კლასის საკუთარი პრეტენზიები და უფლებები ჭეშმარიტად თვითონ საზოგადოების პრეტენზიები და უფლებებია, როდესაც ის მართლაც სოციალურ გონებასა და სოცალურ სულსა და გულს წარმოადგენს. მხოლოდ საზოგადოების საყოველთაო უფლებათათვის შეუძლია ცალკეულ კლასს საყოველთაო ბატონობის პრეტენზია ჰქონდეს. ამ განმათავისუფლებელის მდგომარეობის მოსაპოვებლად და, მაშასადამე, საკუთარი სფეროს სასარგებლოდ საზოგადოების ყველა სფეროს პოლიტიკური გამოყენებისათვის საკმარისი როდია მარტო რევოლუციური ენერგია და საკუთარი ღირსების სულიერი გრძნობა. ხალხის რევოლუცია და სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული კლასის ემანსიპაცია ერთმანეთს რომ დაემთხვეს, ერთი წოდება მთელი საზოგადოების წოდებად რომ მიიჩნიონ, — ამისათვის, მეორე მხრივ, საზოგადოების ყველა ნაკლოვანება რომელიმე სხვა კლასში უნდა იყრიდეს თავს, ამისათვის გარკვეული წოდება საერთო დაბრკოლებების განსახიერება, ყველასათვის საერთო წინაღობის ხორცშესხმა უნდა იყოს; ამისათვის განსაკუთრებული სოციალური სფერო მთელი საზოგადოების მიმართ საყოველთაოდ აღიარებულ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს, ასე რომ, ამ სფეროსაგან განთავისუფლება საყოველთაო თვითგანთავისუფლებად გვევლინება. იმისათვის, რათა ერთი წოდება par excellence[18] განმათავისუფლებელი წოდება იყოს, ამისათვის, პირიქით, მეორე წოდება აშკარად დამმონებელი წოდება უნდა იყოს. საფრანგეთის თავადაზანაურობისა და საფრანგეთის სამღვდელოების საყოველთაო უარყოფითმა მნიშვნელობამ განაპირობა მათი უახლოესი მომიჯნავე და მათდამი დაპირისპირებული კლასის — ბურჟუაზიის საყოველთაო დადებითი მნიშვნელობა.

მაგრამ არც ერთ განსაკუთრებულ კლასს გერმანიაში არ გააჩნია თანამიმდევრობა, სიმტკიცე, სიმამაცე, ულმობელობა, რომლებიც მას საზოგადოების უარყოფითი წარმომადგენლის დაღს დაამჩნევდნენ. ამდენადვე თითოეულ წოდებას აკლია აგრეთვე ის დიდსულოვნება, რომელიც თუნდაც ერთი წუთით თავის თავს ხალხის სულთან აიგივებს, აკლია ის შთაგონება, რომელიც მატერიალურ ძალას პოლიტიკური ძალაუფლებისათვის აღაფრთოვანებს, ის რევოლუციური გამბედაობა, რომელიც მოწინააღმდეგეს შეუპოვარ გამოწვევას მიახლის: მე არაფერი ვარ, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიყო. გერმანული მორალისა და პატიოსნების საფუძველს, არა მარტო ცალკეული პიროვნებების, არამედ კლასებისაც, წარმოშობს, პირიქით, ის თავდაჭერილი ეგოიზმი, რომელიც თავის შეზღუდულობას იცავს და შესაძლებლად მიაჩნია, რომ მის საპირისპიროდ სხვებმაც თავიანთი შეზღუდულობა დაიცვან. ამდენად გერმანული საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ურთიერთობა დრამატული კი არ არის, არამედ ეპიკურია. თითოეული მათგანი თავისი თავის შეცნობასა და მთელი თავისი განსაკუთრებული პრეტენზიებით დანარჩენის გვერდით ადგილის დაკავებას იწყებს არა მაშინ, როდესაც მას ჩაგრავენ, არამედ მაშინ, როდესაც თანამედროვე ურთიერთობა — მის მიერ სრულიად ხელშეუწყობლად — ქმნის მასზე დაბლა მდგომ ისეთ საზოგადოებრივ სფეროს, რომლის დაჩაგვრაც მას, თავის მხრივ, შეუძლია. გერმანიის ბურჟუაზიის საკუთარი ღირსების მორალური გრძნობაც კი მხოლოდ იმ შეგნებაზეა დამყარებული, რომ იგი ყველა დანარჩენი კლასის ფილისტერული უფერულობის საერთო წარმომადგენელია. ამიტომაც განა მარტო გერმანელი მეფეები ადიან ტახტზე mal a propos;[19] სამოქალაქო საზოგადოების თითოეული სფეროც მარცხს უფრო ადრე განიცდის, ვიდრე თავისი გამარჯვების ზეიმს მოასწრებდეს, იგი თავის საკუთარ დაბრკოლებებს იქმნის მანამდე, ვიდრე მისთვის შექმნილი დაბრკოლების გადალახვას მოასწრებდეს, თავის უსულგულო არსებას მანამდე გამოავლენს, ვიდრე თავის დიდსულოვან არსებას გამოამჟღავნებდეს, — ასე რომ, თვით დიდი როლის შესრულების შესაძლებლობაც კი ყოველთვის ბოლოში მოგდებული აღმოჩნდება ხოლმე უფრო ადრე, ვიდრე ეს შესაძლებლობა გამომჟღავნებას მოასწრებდეს, და ყოველი კლასი, როგორც კი მასზე მაღლა მდგომ კლასთან ბრძოლას დაიწყებს, უკვე ჩაბმულია ხოლმე მასზე დაბლა მდგომ კლასთან ბრძოლაში. ამიტომ თავადთა ძალაუფლება მეფის ძალაუფლების წინააღმდეგ იბრძვის, ბიუროკრატი ებრძვის თავადაზნაურობას, ბურჟუა — ყოველ მათგანს ერთად, ამ დროს კი პროლეტარი უკვე იწყებს ბურჟუის წინააღმდეგ ბრძოლას. ბურჟუაზია ჯერ ვერ ბედავს, თავისი თვალსაზრისით, ემანსიპაციის შესახებ აზრის ჩამოყალიბებას და ეს მაშინ, როდესაც სოციალური პირობების განვითარება, აგრეთვე პოლიტიკური თეორიის პროგრესიც თვითონ ამ თვალსაზრისს მოძველებულად ან, ყოველ შემთხვევაში, პრობლემატურად მაინც აცხადებენ.

საფრანგეთში საკმარისია ადამიანი რაღაც იყოს, რათა ყველაფრად ყოფნა მოინდომოს. გერმანიაში არაფერი უნდა იყო, თუ ყველაფერზე ხელის აღება არ გსურს. საფრანგეთში ნაწილობრივი ემანსიპაცია საყოველთაოს საფუძველია. გერმანიაში საყოველთაო ემანსიპაცია არის ყოველი ნაწილობრივის conditio sine qua non.[20] საფრანგეთში მთელი სისრულით თავისუფლება უნდა წარმოშვას თანდათანობით განთავისუფლების ნამდვილმა პროცესმა, ხოლო გერმანიაში — ასეთი თანდათანობითი პროცესის შეუძლებლობამ. საფრანგეთში ხალხის თითოეული კლასი პოლიტიკური იდეალისტია და თავს უწინარეს ყოვლისა განსაკუთრებულ კლასად კი არ გრძნობს, არამედ საზოგადოდ სოციალურ მოთხოვნილებათა წარმომადგენლად. ამდენად განმათავისუფლებლის როლი თანმიმდევრობით — მოძრაობის სრული დრამატიზმით — გადადის ფრანგი ხალხის სხვადასხვა კლასზე, სანამ საბოლოოდ იმ კლასის ჯერი არ დადგება, რომელიც სოციალურ თავისუფლებას განახორციელებს და მას არ შეზღუდავს ადამიანთა მიღმა მდებარე და მაინც ადამიანთა საზოგადოების მიერ შექმნილი გარკვეული პირობებით, პირიქით, ორგანიზაციას უკეთებს ადამიანის არსებობის ყველა პირობას, ამასთან ემყარება სოციალური თავისუფლებას როგორც აუცილებელ წანამძღვარს. გერმანიაში, სადაც პრაქტიკული ცხოვრება ისევე მოკლებულია სულიერ შინაარსს, როგორც სულიერ ცხოვრებას არა აქვს პრაქტიკასთან კავშირი, პირიქით, სამოქალაქო საზოგადოების არცერთ კლასს მანამდე არა აქვს არც მოთხოვნილება და არც უნარი საყოველთაო ემანსიპაციისა, სანამ ამას არ აიძულებენ მისი უშუალო მდგომარეობა, მატერიალური აუცილებლობა, მისი საკუთარი ბორკილები.

მაშასადამე, რაღაა გერმანული ემანსიპაციის პოზიტიური შესაძლებლობა?

პასუხი: ისეთი კლასის ჩამოყალიბება, რომელიც რადიკალური ბორკილებით არის შებოჭილი, სამოქალაქო საზოგადოების ისეთი კლასის ჩამოყალიბება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კლასი არ არის; ისეთი წოდების ჩამოყალიბება, რომელიც ყველა წოდების დაშლას წარმოადგენს; ისეთი სფეროს ჩამოყალიბება, რომელიც უნივერსალური ხასიათისაა თავისი უნივერსალური ტანჯვა-წამების გამო და რომელიც არავითარ განსაკუთრებულ უფლებაზე პრეტენზიას არ აცხადებს, რადგან მას განსაკუთრებული უუფლებობა კი არ ამძიმებს, არამედ უუფლებობა საერთოდ, ისეთი სფეროს ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე აღარ ძაულძს ისტორიული უფლება მოიშველიოს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლების დამოწმება შეუძლია, რომელიც ცალმხრივად როდი უპირისპირდება გერმანული სახელმწიფო წყობილებისაგან მომდინარე შედეგებს, არამედ ყოველმხრივ დაპირისპირებულია მის წანამძღვრებთან; და, ბოლოს, ისეთი სფეროს ჩამოყალიბება, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი თავის ემანსიპაცია ისე, თუ საზოგადოების ყველა დანარჩენი სფეროსაგან თავისი თავის ემანსიპაცია და ამით საზოგადოების ყველა დანარჩენი სფეროს ემანსიპაცია არ მოახდინა, — ერთი სიტყვით, ისეთი სფეროს ჩამოყალიბება, რომელიც ადამიანის სრული დაკარგვაა და რომელსაც, მაშასადამე, თავისი აღორძინება შეუძლია მხოლოდ ადამიანის სრული აღორძინებით. საზოგადოების დაშლის ეს შედეგი, როგორც განსაკუთრებული წოდება, არის პროლეტარიატი.

პროლეტარიატი გერმანიაში მის შედეგად წარმოიშვება, რომ გზის გაკაფვა დაიწყო სამრეწველო განვითარებამ; რადგან პროლეტარიატს ქმნის არა სტიქიურად ჩამოყალიბებული, არამედ ხელოვნურად შექმნილი სიღარიბე, არა საზოგადოების სიმძიმით მექანიკურად წელში მოხრილი ადამიანების მასა, არამედ მისი სწრაფი დაშლის პროცესით, უმთავრესად საშუალო წოდების დაშლის შედეგად წარმოშობილი მასა, — აი რა წარმოშობს პროლეტარიატს, თუმცა თანდათანობით, რაც თავისთავადაც გასაგებია, სტიქიურად წარმოშობილი ღარიბობაც და ქრისტიანულ-გერმანული ყმა გლეხებიც ავსებენ პროლეტარიატის რიგებს.

როდესაც პროლეტარიატი აქამდე არსებული მსოფლიო წესწყობილების დაშლას გვაუწყებს, ამით ის მხოლოდ თავისი საკუთარი არსებობის საიდუმლოებას ააშკარავებს, რადგან სწორედ ის არის ამ მსოფლიო წესწყობილების ფაქტიური დაშლა. როდესაც პროლეტარიატი კერძო საკუთრების უარყოფას მოითხოვს, ამით მას მხოლოდ საზოგადოების პრინციპამდე აჰყავს ის, რაც საზოგადოებამ მის პრინციპებად აღიარა, რაც უკვე მასში, პროლეტარიატში, განსახიერებულია, მისი მხარდაჭერის მიუღებლად, როგორც საზოგადოების უარყოფითი შედეგი. პროლეტარიატს აღმოცენებადი სამყაროს მიმართ ისეთივე უფლება აქვს, რა უფლებაც აქვს გერმანიის მეფეს უკვე შექმნილი სამყაროს მიმართ, როდესაც ის ხალხს თავის ხალხს უწოდებს ისევე, როგორც ცხენზე ამბობს, ჩემი ცხენიო. როდესაც მეფე ხალხს თავის კერძო საკუთრებად აცხადებს, ამით მხოლოდ იმ ფაქტს გამოხატავს, რომ კერძო მესაკუთრე არის მეფე.

როგორც ფილოსოფია პროლეტარიატში თავის მატერიალურ იარაღს ჰპოვებს, ასევე პროლეტარიატი ფილოსოფიაში თავის სულიერ იარაღს ჰპოვებს, და როგორც კი აზრის მეხი საფუძვლიანად დაეცემა ამ ხალხის ყამირ ნიადაგს, მაშინ აღსრულდება გერმანელის ემანსიპაცია ადამიანად.

ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარეობს:

გერმანიის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი განთავისუფლება არის განთავისუფლება იმ თეორიის თვალსაზრისით, რომელიც ადამიანის უმაღლეს არსებად თვით ადამიანს აცხადებს. გერმანიაში შუასაუკუნეობრიობისაგან ემანსიპაცია შესაძლებელია ამასთან ერთად მხოლოდ როგორც შუასაუკუნეობრიობაზე მოპოვებული ნაწილობრივი გამარჯვებებისაგან ემანსიპაცია. გერმანიაში არავითარი მონობის მოსპობა არ შეიძლება უიმისოდ, თუ არ მოისპო ყოველგვარი მონობა. საფუძვლიანი გერმანია ვერ მოახდენს რევოლუციას, თუ რევოლუცია თვით საფუძვლიდან არ დაიწყო. გერმანელის ემანსიპაცია ადამიანის ემანსიპაციაა. ამ ემანსიპაციის თავი ფილოსოფიაა, ხოლო გული — პროლეტარიატი. ფილოსოფია სინამდვილედ ვერ განსახიერდება პროლეტარიატის გაუუქმებლად, პროლეტარიატი ვერ გაიუქმებს თავის თავს, თუ ფილოსოფიას სინამდვილედ არ განასახიერებს.

როდესაც ყველა შინაგანი პირობა მომწიფდება, მკვდრეთით გერმანელთა აღდგომის დღეს გალური მამლის ყივილი გვაუწყებს.


[1] თვითაპოლოგია (სიტყვა-სიტყვით: საკურთხევლისა და კერის დასაცავად წარმოთქმული სიტყვა). [რედაქცია]

[2] ღირსების საკითხი. — [რედაქცია]

[3] მარქსს მხედველობაში აქვს თავისი ვრცელი ნაშრომი „ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკისათვის“ (ამ ნაშრომის დაუმთავრებელი ხელნაწერის ერთ-ერთი მოსამზადებელი ვარიანტი იხ. მარქსი კ., ენგელსი ფ. თხზ., მე-2 რუსული გამოც., ტ. I, გვ. 219-368), რომლის დასაბეჭდად მომზადება და გამოქვეყნება მას განზრახული ჰქონდა “Deutsch-Französische Jahrbücher”-ში დაბეჭდილი “შესავლის” შემდეგ. იმ ძირითადი მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც ეს განზრახვა არ განხორციელდა, მარქსი წერდა “1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერების” წინასიტყვაობაში:
“Deutsch-Französische Jahrbücher”-ში დაგპირდით, რომ გამოვაქვეყნებდი სამართლისა და სახელმწიფოს შესახებ მეცნიერების კრიტიკას ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკის სახით. პრესისათვის მასალების დამუშავების დროს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სპეკულაციური აზროვნების წინააღმდეგ მიმართული კრიტიკის შეხამება თავისთავად განხილული სხვადასხვა საგნის კრიტიკასთან სრულიად მიზანშეუწონელია, რომ ეს შეხამება ბოჭავს გადმოცემის მიმდინარეობას და ართულებს გაგებას. გარდა ამისა, განხილვას დაქვემდებარებული საგნების სიუხვე და სხვადასხვაგვარობა საშუალებას მოგვცემდა მთელი ეს მასალა ერთ თხზულებაში შეგვეტანა მხოლოდ სრულიად აფორიზმული გადმოცემის პირობებში, ხოლო ასეთი აფორიზმული გადმოცემა, თავის მხრივ, თვითნებური სისტემატიზების შთაბეჭდილებას შექმნიდა.
ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, მარქსი მაშინ მივიდა დასკვნამდე, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ცალკეულ ბროშურებში გადმოეცა სამართლის, მორალის, პოლიტიკისა და სხვ. კრიტიკა, რასაც დაასრულებდა იდეალისტური, სპეკულაციური ფილოსოფიის კრიტიკის შემცველი განმაზოგადებელი ნაშრომით. მაგრამ მემარცხენე ჰეგელიანელების, აგრეთვე გერმანული ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული იდეოლოგიის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობამ აიძულა მარქსი შეეცვალა თავისი პირვანდელი ჩანაფიქრი და მოეცა იდეალისტური ფილოსოფიის გაშლილი კრიტიკა ახალი, რევოლუციურ-მატერიალისტური მსოფლმხედველობის საფუძვლების დამუშავებასთან მჭიდრო კავშირით. ეს ამოცანა მარქსმა და ენგელსმა შეასრულეს ერთობლივ ნაშრომებში “წმიდა ოჯახი” და “გერმანული იდეოლოგია”. [რედაქცია]

[4] არსებულ მდგომარეობაზე. არსებულ წესწყობილებაზე. [რედაქცია]

[5] შექსპირის კომედია „ვენეციელი ვაჭრის“ პერსონაჟი; ულმობელი მევახშე, რომელიც თამასუქის პირობების თანახმად, მოითხოვს ამოაჭრან ერთი გირვანქა ხორცი მის გამოუსწორებელ მოვალეს. [რედაქცია]

[6] სამარცხვინო ლაქა. [რედაქცია]

[7] ძველი წესწყობილება. [რედაქცია]

[8] სიტყვათა თამაში: “Listige Theorie” (“მზაკვრული თეორია”) გადაკვრით მიანიშნებს ფრიდრიხ ლისტის პროტექციონისტულ აგიტაციაზე. [რედაქცია]

[9] მარქსს მხედველობაში ჰყავს ფილოსოფოსი ანაქარსისი, წარმოშობით სკვითი, რომელსაც ბერძნები, დიოგენე ლაერტელის ცნობით, მიაკუთვნებდნენ შვიდი ბერძენი ბრძენის ჯგუფს. [რედაქცია]

[10] თხზულებათა დაუსრულებელი გამოცემა. [რედაქცია]

[11] სიკვდილის შემდგომ გამოცემული თხზულებები. [რედაქცია]

[12] საკითხავი აი ეს არის! (შექსპირი “ჰამლეტი”). [რედაქცია]

[13] დონეზე. [რედაქცია]

[14] პრინციპულ სიმაღლეზე. [რედაქცია]

[15] Argumentum ad hominem — მოცემული პირისადმი გამოსაყენებელი დამამტკიცებელი საბუთი. [რედაქცია]

[16] საფრანგეთის მთავრობის მიერ 1835 წლის სექტემბერში გამოცემული რეაქციული კანონები; ისინი ზღუდავდნენ სასამართლოს ნაფიცმსაჯულთა მოქმედებას და აწესებდნენ მკაცრ ზომებს ბეჭდვითი სიტყვის წინააღმდეგ: გათვალისწინებული იყო ფულადი საწინდრის გადიდება პერიოდული გამოცემებისათვის, საკუთრებისა და არსებული სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ გამოსვლებისათვის დაპატიმრება და დიდი ფულადი ჯარიმა. [რედაქცია]

[17] ფრიდრიხ-ვილჰელმ IV-ისა. [რედაქცია]

[18] უპირატესად, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. [რედაქცია]

[19] უდროოდ. [რედაქცია]

[20] აუცილებელი პირობა. [რედაქცია]